გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, საკომიტეტო მოკვლევის „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევის „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, დღეს მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა ზეპირი მოსმენის მონაწილეებს გააცნო საკომიტეტო მოსმენის პროცედურა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი მოსმენის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სამუშაო ჯგუფს იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელთა განხორციელება წაადგება ტყვიით დაბინძურებისაგან გარემოს დაცვას. ნინო წილოსანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა უკვე მოუსმინეს გარემოს ტყვიით დაბინძურებასთან დაკავშირებით ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლებს, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებმაც კანონმდებლებს თავიანთი წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს.

ამ შეხვედრაზე ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ მოსმენების დროს გამოიკვეთა მოსაზრება, რომ არ არსებობს ნიადაგის და ჰაერის ერთიანი მონიტორინგის სისტემა, იშვიათია ერთი და იმავე ადგილზე ნიადაგის და ჰაერის სინჯებში ტყვიის კონცენტრაციის დინამიკაში განსაზღვრა. წარმოდგენილი წინადადებებით, სინჯები ყოველთვის სხვადასხვა ადგილზეა აღებული, რაც სწორი მონიტორინგის და დაკვირვების საშუალებას არ იძლევა. მისივე თქმით, ექსპერტთა მხრიდან ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთი და იმავე სადგურზე გარკვეული პერიოდით არ ხდება სინჯების აღება, რაც შედარების საშუალებას არ იძლევა. ნინო წილოსანმა საჯარო მოსმენის მონაწილეებს ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი სხვა პოზიციებიც გააცნო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ამის თაობაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა. ნინო წილოსანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარდა მასშტაბური კვლევა „იუნისეფის“ დახმარებით და დაავადებათა კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელობით და გამოიკვეთა საკმაოდ შემაშფოთებელი მონაცემები დასავლეთ საქართველოში ბავშვებში ტყვიის მატებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმის გამო, რომ ტყვიის დონის მატება პირდაპირ კავშირშია ბავშვთა განვითარების დონესთან, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გამოკვლეული ის განმაპირობებელი ფაქტორები, თუ საიდან ხვდება ტყვია ბავშვებში და რატომ არის განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველო ამ კუთხით პრობლემური.

დღევანდელ საჯარო მოსმენაზე, რომელიც ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის, ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. საჯარო მოსმენაზე დეტალურად იმსჯელეს ტყვიის კონცენტრაციის ადამიანებში, ნიადაგში, ჰაერში, სურსათში, ბენზინში, პესტიციდებსა და სხვა სასუქებში განსაზღვრის საკითხებზე და, საერთოდ, ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე.

„ამის შემდეგ კომიტეტი ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება სახელმწიფო უწყებებს, იმისთვის, რომ ამ თემის ირგვლივ მოკვლეული პრობლემატიკა იქნეს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და გატარდეს ის ღონისძიებები, რასაც კომიტეტი მიიჩნევს აუცილებლად იმისთვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სამუშაო ჯგუფის მხრიდან, ნინო წილოსანთან ერთად, მოსმენაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი. პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.