“საქართველოს ბუნებრივი ავტოგაზგასამართი სადგურების ასოციაცია” მიესალმება საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს თხევადი გაზის აქციზით სამართლიან დაბეგვრას. აღნიშნულ საკითხთან ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„2017 წლის იანვარში, ქვეყანაში ყველანაირ საავტომობილო საწვავზე აქციზის ზრდამ, გარდა თხევადი გაზისა, ეს უკანასკნელი ყველა სხვა დანარჩენ საავტომობილო საწვავთან მიმართებაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.
აღნიშნულმა ფაქტორმა გამოიწვია ბუნებრივ ავტოგაზგასამართ სადგურებზე რეალიზაციების კრიტიკული კლება, შეჩერდა ქსელის განვითარების პროცესი, ჩადებული სოლიდური ინვესტიციების უკუგების შეჩერებამ მრავალი ოჯახი გამოუვალ ვითარებამდე მიიყვანა: 35 გაზგასამართი სადგური გაკოტრდა და დაიხურა, უმუშევრად დარჩნენ დასაქმებული ადამიანები. 3 წლის წინ ქვეყანაში მოქმედი 200 ერთეული ბუნებრივი გაზგასამართი სადგურიდან ამჟამად მხოლოდ 165 ერთეული ფუნქციონირებს და მათი უმრავლესობა ასევე, გაკოტრების პირას არის მისული. ამ ფონზე, უსამართლო საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის გამო, მომრავლებული თხევადი გაზის სადგურების რიცხვი კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მათმა რიცხვმა, მოკლე პერიოდში, ბუნებრივი გაზის სადგურების პირვანდელ ოდენობასაც (200 ერთეული) კი გადააჭარბა.
ჩვენს მიერ, 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენებულმა საკითხმა, რომ ბუნებრივ გაზზე დაწესებული აქციზის ოდენობა ( 1მ3 - 20 თეთრი), არ უნდა ყოფილიყო თხევადი გაზის აქციზზე 3-ჯერ მეტი (1 ლიტრი - 6,4 თეთრი), შედეგად მოიტანა 2017 წლის 1 აგვისტოდან გარკვეული ცვლილებები, თუმცა შემოღებულმა თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანმა მოდელმა ვერ გაამართლა და ეტაპობრივად თავი იჩინა კანონმდებლობის ხარვეზით გამოწვეულმა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა: მეორე ეტაპის გადასახადისგან თავის არიდებამ, უაქციზო კოდებზე განხორციელებულმა იმპორტმა და სხვა. გაირკვა, რომ სრულად ვერ ხერხდებოდა ორეტაპიანი აქციზის გადახდაზე სრულყოფილი ადმინისტრირება და თხევადი გაზის იმპორტირებისას მის შემადგენელ ერთერთ ფრაქციას საერთოდ არ ეხებოდა აქციზის გადასახადი. შესაბამისად, იმპორტიორებს, მათ მიერ შემოტანილ და უკვე ერთმანეთში შერეულ 1 ლიტრი თხევად გაზზე გადახდილი აქციზის საშუალო ოდენობა გამოსდიოდათ არა 16,2 თეთრი, არამედ მისი ნახევარი 8,1 თეთრი, ხოლო ზოგ შემთხვევაში - მანიპულაციების წყალობით, გაცილებით ნაკლები.
აღნიშნული პერიოდის შემდგომ, ჩვენს მიერ არაერთხელ მოხდა პრობლემის წამოწევა სხვადასხვა უწყებებში, თუმცა უშედეგოდ.
უდაოა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის და კონკურენტული გარემოს შექმნისთვის აუცილებელია ყველა მეწარმის ერთნაირ საგადასახადო და სამართლიან პირობებში ჩაყენება.
ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ ნავთობსექტორის ყველა სეგმენტის, მათ შორის თხევადი გაზის ინდუსტრიის განვითარებას, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არ უნდა მოხდეს მეორე სეგმენტის ინტერესების იგნორირებისა და ჩიხურ ვითარებაში შეყვანის ხარჯზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის საწვავთან მიმართებაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.
ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით, რომ ბუნებრივი აირი უნდა წარმოადგენდეს ქვეყნისათვის პრიორიტეტს, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი! თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრა უნდა მოხდეს ისე, დაცული იყოს სამართლიანი ბიზნესის კეთების შესაძლებლობისათვის ყველა პირობა და ბუნებრივი გაზის სეგმენტმა შეძლოს ბაზარზე თავისი პოზიციების შენარჩუნება! დაკეტილი და გაკოტრებული ბუნებრივი გაზგასამართი სადგურების რიცხვი მომავალში აღარ უნდა გაიზარდოს, ხოლო სამუშაო ადგილები ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საავტომობილო საწვავის სტატუსის მქონე საწვავს, ყოველმხრივ ხელი უნდა შეეწყოს, რათა სამართლიანი დაბეგვრის რეჟიმის პირობებში ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.