საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ.
როგორ ბიზნეს ასოციაციაში აცადებენ, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის შედეგად დაწყებული ეკონომიკური რეცესიისა და გაცვლითი კურსის ცვალებადობის ფონზე ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს მაღალი ფინანსური რისკის პირობებში უწევთ ოპერირება.
შესაბამისად, გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს არსებული კანონდებლობისა და რეგულაციების დეტალურ სკრინინგს, გამოიკვეთება ის მოძველებული ნორმები, რომლებიც ხელს უშლის სექტორის შემდგომ განვითარებას და მომზადდება ცვლილებების პაკეტი, რომლიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით წარედგინება ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული რეგულაციების გადახედვამ და გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნამ შედეგად შეიძლება მოგვიტანოს სამშენებლო სექტორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისა და საბიუჯეტო გადასახადების გადამხდელის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური ზრდის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დროულ დაბრუნებაs.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამას, რომელიც ცალსახად დადებითად შეფასდა, როგორც დეველოპერების, ასევე მშენებლების მხრიდან.
„მიგვაჩნია, რომ სამშენებლო კუთხით არსებული სახელმწიფო რეგულაციები საჭიროებს ძირეულ გადახედვას, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობით ბევრი ნორმა საკმაოდ მოძველებულია და აფერხებს სექტორის განვითარებას. გარდა რეგულაციებისა, მშენებლებისთვის მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის სტაბილურობა, რადგანაც კურსის ცვალებადობა ნეგატიურად აისახება და საფრთხეს უქმნის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სხვა სამშენებლო პროექტებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, დეტალურად შევისწავლოთ მოქმედი რეგულაციები და სექტორში მოღვაწე კომპანიების ინტერესების ადვოკატირების გზით, მივაღწიოთ ამ ცვლილებების კანონდებლობაში დროულ ასახვას“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.