გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.
“სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში - 25, აჭარაში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 15, ქვემო ქართლში - 13, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.