2020 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა,- ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2020 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.3 პროცენტი.
ამასთან, 2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8 პროცენტი ქალია, ხოლო 58.2 პროცენტი - კაცი.