ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის 1-ელ კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში მთლიანი ბრუნვის 60 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.3 პროცენტი.
„საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის 1-ელ კვარტალში 15.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9.5 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი). 2020 წლის 1-ელ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8 პროცენტი ქალია, ხოლო 58.2 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 640.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.4 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 408.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი),“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.