ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საერთაშორისო დავა „ფრონტერასთან“ ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა.

„ჩვენ ყოველთვის მსგავს განცხადებას კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ვპასუხობთ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს, ვინაიდან მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟი. საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუკი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყოთ და საბოლოო სიმართლე ამის შესახებ, მოდით, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროვოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, „ფრონტერას“ მიერ პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

„სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნულია წერილში.