„თუ კერძო სუბიექტმა დროულად ვერ გადაიხადა საიჯარო გადასახადი, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიტანოთ და ვაპატიოთ გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადავუვადოთ გადახდის ვადები"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილების ინიცირება მოხდა, რომლის თანახმადაც, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, შეამსუბუქოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების ან პრივატიზების დროს კერძო სუბიექტს ეკისრება. ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს პრობლემები პანდემიით და მასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარებითაა გამოწვეული.

„იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი სწრაფად განიხილავს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, სწორედ პანდემიიდან და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ის სახელმწიფო ქონება, რომელიც არის განკარგული ჩვენი საპრივატიზებო ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მათ შორის, დაიჯარებული სახელმწიფო ქონება, რომ თუკი კერძო სუბიექტს ამ ხელშეკრულების შესრულებაში შეექმნა პრობლემა, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი, დაერიცხა პირგასამტეხლო და ა.შ გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ და შევძლოთ, რომ ვაპატიოთ გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადავუვადოთ გადახდის ვადები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, სასოფლო -სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში და იმ პირებისთვის, ვინც აიღო იჯარით სასოფლო- სამეურნეო მიწები ან საპრივატიზებო ხელშეკრულებით და მის შესრულებაში შეექმნა გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს პრობლემები სწორედ არის პანდემიით და მასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარებით გამოწვეული,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ეს შეღავათები დროში იქნება შეზღუდული. თურნავას განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, 900-მდე სხვადასხვა სუბიექტს იჯარის დროულად გადახდაში პრობლემები შეექმნა.

„ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი, რადგან ეს არის სწორედ ამ სირთულეებთან და გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებული პრობლემები და მთავრობა ძალიან სამართლიანად და გამჭირვალედ ყველა ასეთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს მიანიჭებს გარკვეულ შვებას. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის 900-მდე სხვადასხვა სუბიექტი, ვისაც გარკვეული პრობლემა შეექმნა დროულად იჯარის გადახდაში და მათ წინადადებს განვიხილავთ ამ კანონის მიღების კვალობაზე, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტია, ვისაც საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულებაში შეექმნა პრობლემები,“- განაცხადა ნათია თურნავამ.