ნათია თურნავას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტო სქემასთან დაკავშირებით ცვლილებები მთავრობამ მოიწონა, რომლის მიხედვითაც პროგრამაში ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსოებიც ჩაერთვებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტო სქემასთან დაკავშირებით ცვლილებები მთავრობამ მოიწონა, რომლის მიხედვითაც ამ პროგრამაში ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

თურნავას თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის მიღების მსურველი მიკრო და მცირე ბიზნესებიც ისარგებლებენ სახელმწიფოს მხრიდან სესხის 90%-იანი თანაუზრუნველყოფით.

„მთავრობამ მოიწონა საკრედიტო-საგარანტო სქემასთან დაკავშირებით ცვლილებები. იცით, რომ 20 000 000-დან ბიუჯეტი იზრდება 300 000 000-მდე. აქ სიახლე არის ის, რომ ამ პროგრამაში ბანკების გარდა ერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რისთვისაც კიდევ დამატებით 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, ანუ მთლიანობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 000 ლარის და ზევით სესხის მიღების მსურველები შეძლებენ ისარგებლონ სესხის ჩვენი თანაუზრუნველყოფით, 90%-ის ოდენობით. პრაქტიკულად, ჩვენი უზრუნველყოფილი სესხი იქნება არა მარტო ბანკის კლიენტებისთვის, არამედ მიკროსაფინანსოების კლიენტებისთვის თუ ეს გარკვეული ბიზნესსაქმიანობისთვის იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.