„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ COVID 19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების პროექტს იწყებს

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, COVID 19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების პროექტს იწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, COVID 19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბიზნესის და სხვა ორგანიზაციებს უწევთ საქმიანობის დროებით შეზღუდვა, შეჩერება ან შეწყვეტა, რაც ხშირად იწვევს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ან მათთან არსებული შრომითი ურთიერთობის პირობების ცვლილებას.

„დიდია ასეთ სიტუაციებში შრომითი დავების წარმოშობის ალბათობა. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ხელს უწყობს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, რომ დროულად, ეფექტიანად და ნაკლები ხარჯით მოაგვარონ პანდემიის ფონზე წარმოქმნილი შრომითი დავები. 1-ელი ივნისიდან, სამთვიანი პროექტის ფარგლებში ყველა ორგანიზაციისა და დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი გახდება შრომით დავებზე მედიაცია. პროექტს ახორციელებს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციასთან“ ერთად, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მედიაციის პროცესები ჩატარდება დისტანციურად, ასოციაციის წევრი აკრედიტირებული მედიატორების მონაწილეობით. პროექტში ჩაერთვებიან საქართველოს უნივერსიტეტებიც. კონფიდენციალურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიული სტანდარტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ შემუშავებული წესების თანახმად. საპილოტე პროექტში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მშვიდ გარემოში განიხილონ კრიზისით გამოწვეული ცვლილებები და ერთად მოძებნონ მათთვის მისაღები გამოსავალი. დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად უზრუნველყოფს საქმის ადმინისტრირებას. მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება პროექტთან დაკავშირებით. როგორც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, პროექტის საპილოტე ფაზაში ევროკავშირი და UNDP დაფარავენ მედიატორების ანაზღაურების და საქმის ადმინისტრირების ხარჯებს. შედეგად შრომითი დავების მოგვარება ხელმისაწვდომი გახდება რთულ ეკონომიკურ პირობებში აღმოჩენილი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.