პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებების მიხედვით, გაორმაგდება იმ დარგების რაოდენობა, რომელსაც სახელმწიფო თანადაფინანსებით დაეხმარება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ცვლილებების თანახმად, პროექტის ფარგლებში ბიზნესის თანადაფინანსების პერიოდი 36 თვემდე გაიზრდება.
„რამდენჯერმე ჩვენ ეს ყველაფერი ანტიკრიზისულ გეგმაში დავაანონსეთ, მაგრამ ახლა უკვე განკარგულების ფორმას იღებს. ეს ცვლილება შეეხება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც შეეხება ჩვენს პროგრამებს სესხის პროცენტის სუბსიდირების ნაწილში. გაცილებთ უფრო ლიბერალური და ბიზნესზე ორიენტირებული ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს შეექმნათ პრობლემა საბანკო სესხების მოზიდვასთან მიმართებაში. კერძოდ, ჩვენ ვზრდით იმ სესხის ოდენობას და არეალს, რომელსაც დავეხმარებით. აქამდე თუ ეს იყო 150 000 ლარის მინიმალური ზღვარი, ჩვენ მას კიდევ უფრო ქვევით ვწევთ და 50 000 ლარის მინიმალური ზღვარის სესხის მქონე კომპანია მიიღებს ჩვენს დახმარებას, სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ხოლო ზედა ზღვარი 5 მილიონიდან იზრდება 10 მილიონამდე. თუ აქამდე ჩვენი თანადაფინანსება გრძელდებოდა 24 თვე, ახლა ეს იქნება 36 თვე. აქამდე იყო 100-მდე დარგი და პრაქტიკულად ვაორმაგებთ იმ დარგებს, რასაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება. მათ შორის, გამორჩეული არის სამშენებლო ინდუსტრია, საშენ მასალათა წარმოება. აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს იმისთვის, რომ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს, რომ შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მიაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე. ასევე, ეს შეეხება სოფლის მეურნეობების გადამამუშავებელ ინდუსტრიას და კვების მრეწველობას. ამ სექტორში ვუშვებთ, რომ ბიზნესს შეეძლება ერთდროულად ისარგებლოს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტოს ფარგლებში დახმარებით, ასევე ჩვენი სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო საგარანტიო სქემით, რომ ერთდროულად ისარგებლოს ჩვენი თანაუზრუნველყოფით და სესხის პროცენტის თანადაფინანსებით. ეს ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი წარმოება, მათ შორის კვების ადგილობრივი წარმოება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.