„ეროვნული ბანკის ანგარიში აჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისი იყო ეპიდემიამდეც და რომ ფასების ზრდა გასულ წელს ყველაზე დიდი ტვირთი იყო"

"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავარი კითხვა, რასაც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს, არის ის, მოცემულ სიტუაციაში გადასახადების დაწევა არის თუ არა საუკეთესო გამოსავალი. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელზეც დღეს, ეროვნული ბანკის ანგარიშს მოუსმენენ.

"ეროვნული ბანკის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი იყო კორონაკრიზისამდე და რომ ფასების ზრდა გასულ წელს ყველაზე დიდი ტვირთი იყო. ეს სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწევთ იმ პირობებში, როდესაც შემოსავლები არ იზრდება დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. მთავარი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გასცეს ეროვნულმა ბანკმაც და მთავრობამაც, რადგან ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ, არის ის, რომ ამ სიტუაციაში გადასახადების დაწევა საუკეთესო გამოსავალი არის თუ არა?! აგრეთვე, იმ რეგულაციების შერბილება, რომელიც სრულიად გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად შემოიღო ეროვნულმა ბანკმა, გასულ წელს," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.