ნათია თურნავა - 2021 წლიდან ეკონომიკა დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება

2021 წლიდან ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკა საქართველოში დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დაუდგეს ბიზნესებს, თუნდაც ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და ეს არ არის 3, 4 ან 12 თვის ამოცანა.

„2021 წლიდან ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკა საქართველოში დაიწყებს ზრდას და იმედია, რომ გლობალური ეკონომიკა უკვე მაგ დროისთვის პირველ ნიშნებს გამოავლენს რეცესიის გადალახვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესპროექტებზე, ეს გათვლილია რამდენიმე წელიწადზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს, იგივე, თუნდაც რომ მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, ეს არ არის სამი, ოთხი ან თორმეტი თვის ამოცანა. ამაზე ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში უფრო მეტად მოგვიწევს ზრუნვა. იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ უფრო მეტად განჭვრეტადი ბიზნესგარემო, ჩვენი პროგრამები არ არის ერთჯერადი ხასიათის, ეს არის სულ მცირე საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. როდესაც ჩვენ 5 წლის შემდეგ დავინახავთ, რომ იმდენად მდგრადია ეკონომიკა მსოფლიოში, რეგიონში, რომ ჩვენთან არსებულ ინვესტორებს არ დასჭირდებათ ასეთი ძლიერი ფინანსური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ამ მოცულობას. მანამდე, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ გვერდში დავუდგებით ყველას. საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლებს ძალიან ბევრი დარგი. მე ვიტყვი გამონაკლისებს, პირველ რიგში, ეს არის წარმოებები. რაც შეეხება ტურისტულ სექტორს, აქ ისარგებლებს ე.წ. ჰორეკა სექტორი ანუ რესტორნები, კაფეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიას, ასევე ისარგებლებენ მარტო ახალი სესხების მოზიდვის ნაწილში, მაგრამ არა არსებული სესების რესტრუქტურიზაციის ნაწილში“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მათ შორის სესხებით ისარგებლებენ „გესთჰაუსები“, თუ ისინი ამ პროგრამის კრიტერიუმებს შეესატყვისებიან.

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა გასულ წელს შეიქმნა და საბანკო სესხების აღების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის თავდებობას გულისხმობს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა და მის ფარგლებში, 2 მილიარდი ლარის სესხის გაცემა იქნება შესაძლებელი.