საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე პრემიერ-მინისტრი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან მუშაობს

როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს,- აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან - ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„მთავრობის მეთაურმა მსოფლიო დონის ეკონომისტებთან ერთად განიხილა, როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის მოცულობა და სხვა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს. საკონსულტაციო ჯგუფი, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ, სწორედ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებთან მუშაობის მრავალწლიანი და მაღალი დონის პროფესიული გამოცდილებით შეარჩია.

მსოფლიოს ახალი ეკონომიკური გარემოს შესაბამისი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ჯგუფის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლასა და სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებაში დაეხმარება.

ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.