საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყანაში ეროვნული ვალუტა ზედმეტად გაუფასურებულია, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კითხვებს დაუსვამენ.
"ეს არის 2019 წლის წლიური ანგარიში, არ იყო მარტივი წელი. ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი. ეს არის ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეს არის ის საკითხები, რომელთა მიმართებითაც ჩვენ კითხვები გვექნება. რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ადრე ვამბობდი, მინდა გითხრათ, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ის არ უნდა უფასურდებოდეს ასე სწრაფად და არც ასე სწრაფად არ უნდა ხდებოდეს მისი გამყარება. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის. ეს არის ჩემი პოზიცია ლარის კურსთან მიმართებით. ბუნებრივია, ჩვენ კითხვები გვექნება, როგორც ლარის კურსზე, ასევე ფასების სტაბილურობაზე და ველოდებით პასუხს კობა გვენეტაძისგან",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.