ეროვნულმა ბანკმა განაახლა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის ყოველწლიურად გამოცემა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის ყოველწლიურად გამოცემა განაახლა. ეს ანგარიში ბოლო 7 წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოცემული. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის განახლებული ვერსია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. ანგარიში მომავალზე ორიენტირებულ მაკროფინანსურ ანალიზზეა დაფუძნებული და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობისა და რისკების შეფასება საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ასევე მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებს დეტალურად და სიღრმისეულად აღწერს,” -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.