თქვენ და მთავრობა წლების განმავლობაში ასუსტებდით საქართველოს ეკონომიკას,-ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკა იმ მდგომარეობამდე, რომ ყველა მცირე პრობლემა დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს ქვეყანას. მან ასევე გააკრიტიკა სებ-ის დედოლარიზაციის პოლიტიკა.
„რამდენჯერმე ახსენეთ გამოწვევებით სავსე 2019 წელი. აქ ცოტა არ იყოს წინააღმდეგობა დავინახე. ერთი მხრივ გვიმტკიცებთ, რომ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი გაეზარდა და რაში მდგომარეობდა მაშინ გამოწვევა? თუ გამოწვევას ეძახით ერთადერთ ფაქტს, რომ რუსეთმა ფრენები დროებით შეაჩერა, გამოდის, რომ ეს მთავრობისა და თქვენივე საწინააღმდეგო არგუმენტია. რა მდგომარეობაში უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა, რომ ერთი ქვეყნიდან ფრენების თუნდაც დროებით შეჩერება, ამხელა გამოწვევების წინაშე გვაყენებდეს. მე ჩემ ახსნას მოვუძებნი ამ გამოწვევებს და მითხარით, რომ ასე არ იყო.
თავისთავად ის ფაქტი, რომ 6 თვის განმავლობაში ამხელა მერყეობაა იმ პროცენტებს შორის, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ არ გქონდათ მკაფიო სტრატეგია, როგორ უნდა გემოქმედათ. ეს მხოლოდ რუსეთის ფრენებით ვერ აიხსნება, სხვა ახსნა უნდა ჰქონდეს და გეტყვით სხვა ახსნა რა არის. თქვენ და მთავრობა წლების განმავლობაში ასუსტებდით ეკონომიკას ისე, რომ ყველა პატარა პრობლემაც კი, არ ვსაუბრობ პანდემიაზე, პატარა წაფორხილებაც კი, ამბობთ, რომ გამოწვევებით სავსე 2019 წელთან გვაყენებს. ამ დასუსტების ნაწილია დედოლარიზაცია, იმიტომ, რომ მე ვერ წამომიდგენია დღეს თქვენ მოსახლეობა აიძულოთ დოლარის გარდა სხვა ვალუტაში შეინახოს დანაზოგი, იმ პირობებში, როდესაც სრულიად წარმოუდგენელია რა იქნება ხვალ და ზეგ,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.