2019 წელი გამოწვევებით სავსე იყო, არანაკლებ იქნება გამოწვევებით სავსე 2020 წელი, მაგრამ ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა.
„აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განხილვა გამართა. შედეგად, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პანდემიასთან გასამკლავებლად პროგრამის საერთო თანხაც გაიზარდა. პანდემიის ფონზე გაზრდილი ფინანსური საჭიროების დაფინანსებასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები პოზიტიურად საერთაშორისო რეზერვებზეც აისახება. ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნულ რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, სავალუტო ინტერვენციები ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად იქნება გამოყენებული. 2019 წელი გამოწვევებით სავსე იყო, არანაკლებ იქნება გამოწვევებით სავსე 2020 წელი, მაგრამ ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი. მხოლოდ ასეთი პოლიტიკით შეიძლება მაკროეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, რაც გრძელვადიან პერიოდში დაბალი და სტაბილური ინფლაციისა და მაღალი და მდგრადი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.