საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა, კერძოდ ეს მიმართულებებია: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.
„ფინანსური სექტორისთვის ლიკვიდობის შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. ლიკვიდობის რისკების შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტები აამოქმედა. კერძოდ, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) დოლარის ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან ერთად, ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად, მუდმივმოქმედი სვოპის ინსტრუმენტიც ამოქმედდა, რაც ბანკებს, საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით ლარის ლიკვიდობა დამატებით მიიღონ. ასევე ხორციელდება სავალუტო სვოპი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ლარის ხელმისაწვდომობას ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, ამუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების მხარდამჭერი დროებითი მექანიზმი, რაც მონეტარული ოპერაციების გირაოში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემული სესხების მიღებას მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები გააჩნია. ეს ბუფერები ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით დაგროვდა. ასევე, დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და, მთლიანობაში, ბოლო წლებში, საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ, ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკის შედეგად შემცირებულია ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია, რაც ამცირებს ჩვენი მოსახლეობის მოწყვლადობას კურსის მერყეობისადმი. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად, დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები უფრო დაბალი და უფრო ადეკვატური ვალით ხვდებიან,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.