„ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული ბანკის მუშაობის 2019 წლის ანგარიშს უარყოფითად აფასებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ვერ შეასრულა თავისი მიზნობრივი მაჩვენებელი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული ბანკის მუშაობის 2019 წლის ანგარიშს უარყოფითად აფასებს.

გოცირიძის თქმით, პარლამენტში უკვე შევიდა მთავრობის მუშაობის გასული წლის ანგარიში, ისევე როგორც ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიში. დეპუტატის მოსაზრებით, ორივე ერთად გვაჩვენებს, რომ გასულ წელს უდიდესი შეცდომები დაიშვა.

„შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში დამნაშავე არის მთავრობა თავის უპასუხისმგებლო ბიუჯეტით, კორუმპირებული, კორუფციული და სხვა სახის უზარმაზარი ხარჯებით დაწყებული, იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით დამთავრებული, რომელზეც ჩვენ არაერთხელ მიგვითითებია. ასევე, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა, ვინაიდან ქვეყანაში, ფაქტობრივად, არის უკონტროლო ფასების ზრდა, ლარის კურსი მთელი ამ დროის განმავლობაში უფასურდებოდა და ეროვნულ ბანკს არასდროს მიუღია დროული და ადეკვატური ზომები ვალუტის კურსისა და ფასების სტაბილურობის მიმართულებით. მან ვერ შეასრულა თავისი მიზნობრივი მაჩვენებელი, ინფლაცია არის ორჯერ მეტი, მაგრამ ინფლაცია ზოგიერთი სეგმენტისათვის. ეს ზოგიერთი სეგმენტი საქართველოს 2 მილიონამდე მოსახლეობაა, სადაც სურსათზე, მედიკამენტებზე და სხვა საქონელზე ფასები ფაქტობრივად ორნიშნა ნიშნულითაა გამოსახული. ამიტომ, ჩვენ ეროვნული ბანკის მუშაობის ანგარიშს, გასული წლის განმავლობაში, უარყოფითად ვაფასებთ“, - განაცხადა გოცირიძემ.