„მოვისმინე, რომ ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდებაო, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია"

მოვისმინე, რომ ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდებაო, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია, არ შეიძლება ეკონომიკაში ყველაფერი ცუდად იყოს და კურსი მყარდებოდეს,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელ გამყარებასთან დაკავშირბით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ის რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება პარადოქსი არ არის. მისივე თქმით, პანდემიასთან ქვეყნის წარმატებულმა გამკლავებამ დადებითი მოლოდინები წარმოქმნა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარადოქსი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია მოკლევადიანი ცვლილებების ახსნა და მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეროვნული ბანკები არ აკეთებენ ასეთ განმარტებას და პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, დადებითი მოლოდინები, რომელიც გამოიწვია იმან, რომ COVID-19-თან გამკლავება მოხდა ძალიან კარგად და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა ამან, ეს უკვე ქმნის დადებით მოლოდინებს. არის მოლოდინი, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდება, სამუშაო ადგილები ისევ იქნება, ტურისტები ისევ იქნებიან და ეს იწვევს ამ დადებით მოლოდინებს,“-განმარტა გვენეტაძემ.