ბანკს თავად არ აწყობს აბსოლუტურად, რომ პრობლემური სესხი ჰქონდეს. ამიტომ, ურჩევნია, რომ კარგად განსაზღვროს მომავალში მსესხებელი შეძლებს თუ არა გადახდას, მასთან ერთად შეათანხმოს გრაფიკი და ამას მიჰყვეს,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბანკების მხრიდან სესხების გადავადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ბანკების მხრიდან ამ 6-თვიანი დახმარების შეთავაზების გარეშე, კიდევ უფრო რთული იქნებოდა პანდემიის პერიოდის გადატანა.
„პირველი 3-თვიანი გადავადების ფარგლებში დაახლოებით 600 000-მა მსესხებელმა ისარგებლა. ხოლო უკვე მეორე შემთხვევაში, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება, აქ ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა, იმ პირებს, რომლებიც პანდემიის შედეგების გასანეიტრალებლად მთავრობის სოციალურ დახმარებას მიიღებენ, მათ კაპიტალიზაციას არ მოსთხოვენ ბანკები, ხოლო სხვა შემთხვევაში იქნება ბანკებთან მოლაპარაკება და ბანკები მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მორგებული გრაფიკი გააკეთონ მსესხებლებთან. თუ ამ პროცესში ვინმეს უფლებები ირღვევა, შეუძლია მოგვმართოს და მაქსიმალურად დავეხმარებით,“-აცხადებს გვენეტაძე.
ცნობისთვის, სებ-ის პრეზიდენტმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიში წარუდგინა.