ჯამში, საანგარიშო პერიოდში (იანვრიდან 22 მაისამდე) სულ ნაწარმოებია 4 787 111 პირბადე, ხოლო დარიგებულია - 2,761,990, აქედან, საცალო ქსელში - 1,828,850; რეგიონებში - 474,300; პენსიონერებისთვის - 80,500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) - 35,300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) - 85,650 - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო.
„დოლბანდის მრავალჯერადი პირბადის ადგილობრივი წარმოება წარმოადგენდა ამ გამოწვევის ოპტიმალურ გადაწყვეტას. ლუგარის ლაბორატორიის მიერ ტექნოლოგიისა და დიზაინის დადასტურების შემდეგ, განხორციელდა დოლბანდის ადგილობრივი მარაგების შესყიდვა, პარტნიორ ქვეყნებში ნედლეულის მოძიება, საქართველოში მისი იმპორტი და ადგილობრივი სამკერვალო კომპანიების დაკონტრაქტება.
ჯამურად 14-მა კომპანიამ და 900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პირბადეების წარმოებაში. დოლბანდის პირბადის მრავალჯერადმა გამოყენებამ შექმნა კრიტიკული დეფიციტის შედარებით სწრაფად დაკმაყოფილების საშუალება. მეზობელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით განხორციელდა დოლბანდის საჭირო მარაგების მობილიზება, რამაც უზრუნველყო წარმოების პროცესის უწყვეტობა.
ასევე, ხელი შეეწყო სადეზინფექციო სითხეების წარმოებასაც და ქართული კომპანიების წარმადობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვის მოხსნაზეც. მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი საწარმოების და დარეგისტრირებული პროდუქტების რაოდენობა. ამ პერიოდში წარმოების დასაწყებად ლუგარის ლაბორატორიას მიმართა 56- მა კომპანიამ, 60 სხვადასხვა პროდუქტის რეგისტრაციისთვის. მარტამდე მხოლოდ 10 კომპანია აწარმოებდა რეგისტრირებულ სადეზინფექციო საშუალებებს. ამჟამინდელი წარმოების ჯამური მოცულობა დაახლოებით შეადგენს 4,000 ტონას თვეში,"- ნათქვამია ანგარიშში.