საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას კომიტეტზე დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
როგორც მან ანგარიშის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას და მის როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
კოვზანაძის თქმით, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის დამტკიცებას.
"დინამიური და აქტიური განხილვა იყო. სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ცენტრალური ბანკის ანგარიშის მოსმენა. ბევრი კითხვა იყო, კრიტიკაც და ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. კითხვები და კრიტიკა ეხებოდა ფულადსაკრედიტო პოლიტიკას, ფასების სტაბილურობას და ლარის კურსს. ვფიქრობ, რომ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა ყველა კითხვას. ბუნებრივია, არსებობს კრიტიკა იმ მიმართულებით, რომ ფასების სტაბილურობა, ფასების ზრდა საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ასევე არის ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ეს ის კითხვებია, რომელებიც საქართველოში ტრადიციულად არის. ამ მიმართულებით ჰქონდათ კითხვები დეპუტატებს. ვფიქრობ, პასუხებიც ადეკვატური იყო", - განაცხადა კოვზანაძემ.
ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში განიხილეს.