3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათით 1.2 მილიონზე მეტმა, ხოლო ბუნებრივი აირის 670 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა

ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათით 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტმა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათით 670 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.

"მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. გარდა ამისა, სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა", - ნათქვამია დოკუმენტში.