"ფრონტერამ" დავა წააგო, აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი. ახლა წერილები გინდა წერონ, გინდა იკითხონ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკული კომპანია "ფრონტერას" მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, "ფრონტერას" თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო თანახმაა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვოს.
"სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვიღაც თავისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის და მეგობარი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს და ეს გამოიხატება იმაში, რომ "ფრონტერასთან" რაღაც დავა არსებობს, ამის ლაპარაკს და წერილების წერას, მათ სჯობს გაასაჯაროვონ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთად ვნახავთ, რომ დავა წააგეს. დავის წაგების მიუხედავად, ისინი ჯიუტად, მხოლოდ პიარული გათვლებით აგრძელებენ მსგავსი პათოსით საუბარს. "ფრონტერამ" დავა წააგო, აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი. ახლა წერილები გინდა წერონ, გინდა იკითხონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ პიარული დატვირთვა აქვს და ემსახურება სახელმწიფოს და ხელისუფლების დაზიანებას.
არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ დავასთან დაკავშირებით უნდა გასაჯაროვდეს მხარეთა შეთანხმებით. ქართული სახელმწიფო მზად არის გასაჯაროვდეს, თუ ამას დაეთანხმება "ფრონტერაც". ახლა ჯერი "ფრონტერაზეა" და თუ ისინი 1 პროცნტით მაინც არიან მართლები, კეთილი ინებონ, მოგვცენ თანხმობა, რომ გასაჯაროვდეს ეს გადაწყვეტილება და ყველაფერი იქნება ნათელი" , - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ფრონტერას“ მიერ პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.
„სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნულია წერილში.