COVID19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ ,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება.
„COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგაც. რაც შეეხება მიღებულ გამოცდილებას, მე ვთვლი რომ, ერთი მხრივ, კრიზისის დროს, იქნება ეს პანდემია, თუ სხვა, ყველა ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, და ა.შ., იმისათვის, რომ გადარჩეს.
ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება. საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს კომპანიებს ევროპული და სხვა ბაზრების მოძიებაში, რადგან ეს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანისა და შესაბამისად კეთილდღეობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, რასაც ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ქვეყანა ვერ მოახერხებს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.