მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში დასაქმება დადებითი მოვლენა იქნება და მხარს ვუჭერ ამ შესაძლებლობების შემდგომ განხილვას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა. ამით ჰარცელმა ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ევროპაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება სავარაუდოდ, მოხსნის იმ პრობლემებს, რაც ვიზალიბერალიზაციის მოქმედების პროცესში იჩენს თავს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებში არსებობს დასაქმების გარკვეული შესაძლებლობები. თუმცა, რამდენად სწრაფად და როგორ განვითარდება ეს პროცესი, ჯერ ვერ გიპასუხებთ. მე ვიცი, რომ მთავრობა და პრეზიდენტი ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ინტენსიურად საუბრობენ. პრინციპში, მე მხარს ვუჭერ ყოველივე ამას რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი შესაძლებლობები ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლების გაჩენას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და დასაქმების კანონიერი გზების გაჩენას, რაც სავარაუდოდ მოხსნის იმ გარკვეულ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის მოქმედების პროცესში. ამ მიზეზების გამო, მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში დასაქმება დადებითი მოვლენა იქნება და მხარს ვუჭერ ამ შესაძლებლობების შემდგომ განხილვას“, - განაცხადა ჰარცელმა.