ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი 2.3 მილიონი ლარით მცირდება და 70 255 800 ლარს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი 2.3 მილიონი ლარით მცირდება და 70 255 800 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკო-ს 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი წარადგინა.

„არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე განსაზღვრულია ბიუჯეტის 58% ,40 832 000 ლარი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად გათვალისწინებული ხარჯებია 30 470 100 ლარი, რაც წარმოადგენს მთლიანი საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო ყველა საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დაფინანსებას. პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია მთლიანი ბიუჯეტის 20%, ანუ 12 308 800 ლარი. საარჩევნო სუბიექტის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯია 2 111 700 ლარი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით შემცირებულია 2 314 000 ლარით, აქედან შრომის ანაზღაურების მუხლი 2 მილიონი ლარით. საარჩევნო ადმინისტრაციამ სრულად გაითვალისწინა ის გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან და 2021 წლისთვის გავითვალისწინეთ მინიმალური ხარჯები, რაც აუცილებელია საერთო არჩევნების ჩასატარებლად“ , - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.