"ვიცი, რომ პირბადე რამდენიმე თეთრი ღირს, მისი დეფიციტი არ არსებობს, ამიტომ დავიცვათ ერთმანეთი"

მე ვიცი, რომ რამდენიმე თეთრი ღირს პირბადე, არ არის პირბადის შეძენა დიდ თანხებთან დაკავშირებული,- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება პირბადე მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

მისი თქმით, ბაზარზე არც პირბადის დეფიციტია და მისი შეძენა რთული არ არის.

"მე ვიცი, რომ რამდენიმე თეთრი ღირს პირბადე, 50 თეთრი, ლარამდე ყოველ შემთხვევაში. ამიტომ პირბადეები ხელმისაწვდომია, პირბადეების დეფიციტი არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ რა თქმა უნდა, იმას, რომ პირბადის რესურსი არსებობს, არ არის პირბადის შეძენა რთული, არ არის პირბადის შეძენა დიდ თანხებთან დაკავშირებული, ამიტომ დავიცვათ ერთმანეთი. კორონავირუსის შემდგომი აფეთქების ძალიან დიდი რისკები არსებობს მეგობრებო, გადაავლეთ თვალი რა ხდება როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო დონეზე. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ კორონამ გადაიარა. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, სხვა ამას ჩვენს ნაცვლად არ გააკეთებს. ამიტომ ჩვენი თვითმიზანი არ არის არც სანქციის შემოტანა, მაგრამ ადამიანი, ვინც უგულებელყოფს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაგიცვათ თითოეული თქვენგანი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.