7 გადავადებული და ერთი შეწყვეტილი ხელშეკრულება - კომპანიები, რომელთაც საპრივატიზაციო ვალდებულებები ვერ შეასრულეს

2020 წლის იანვარ-აპრილში საპრივატიზებო ვალდებულება 7 კომპანიას გადაუვადდა, ერთს კი შეუწყდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საუბარია ჯამში 28 474 912 ლარის და 120 000 000 დოლარის მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულებებზე.

ყველაზე მსხვილი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „ფაზის ოილს“ აქვს - 120 000 000 დოლარი. კომპანიას უნდა აეშენებინა წელიწადში არანაკლებ 2 მლნ ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. „ფაზის ოილმა“ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა.

20 000 000 მლნ ლარის საპრივატიზაციო ვალდებულება გადაუვადდა კომპანია "ივერია პალასს“. კომპანიას უნდა აეშენებინა არანაკლებ 130 - ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით 2018 წლის 6 მარტის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოში 21 770 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა. ამავე დადგენილების მიხედვით, კომპანიამ აღნიშნულ ფართში 500 000 ლარი გადაიხადა.

120-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა წყალტუბოში შპს „ნითას“, რომლის უფლებამონაცვლე დღეს კომპანია „ცისკარ როიალ პალასია“.

ამასთან, საპრივატიზაციო ვალდებულება გადაუვადდა შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს, რომელსაც კერამიკული პროდუქციის წარმოება 2020 წლის 19 აპრილამდე უნდა დაეწყო. კომპანიას ვალდებულება გადაუვადდა 2020 წლის ოქტომბრამდე.

50 000 ლარის მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება გადაუვადდა შპს „მიწადმოქმედთა ერთობას“.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „სიტი ემს“ საპრივატიზაციო ვალდებულება ნაწილობრივ უკვე შესრულებული აქვს. შპს „გრინპაკმა“ კი ინვესტიცია სრულად განახორციელა, თუმცა შეცვალა შეთავაზებული პროდუქცია და შესაბამისად, პროდუქციის წარმოების ვადა გადაუვადდა.

ამასთან, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება გაწყვიტა კომპანია “ნ.გ. ჰოლდინგთან“, რომელსაც ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აეშენებინა, განეხორციელებინა 5 850 148 ლარის ინვესტიცია და დაესაქმებინა 30 ადამიანი. საწარმოს წლიურად 500 ტონა თევზისა და თევზის ხორცის, კერძოდ ატლანტის ორაგულის წარმოება უნდა უზრუნველეყო, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა დამუშავებული და შეფუთული. სწორედ ამისთვის, 2018 წლის აპრილში ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ, 16 433 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „ნ.გ. ჰოლდინგს“ გადასცა.