„ფეისბუქი“ რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მარკირებას იწყებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოგვიანებით კომპანია დაბლოკავს ამ მედიასაშუალებების რეკლამებს, რომლებიც აშშ-ის მომხმარებლებზეა გათვლილი.

„ფეისბუქი“ თავდაპირველად 200-მდე მედიაორგანიზაციის მონიშვნას განახორციელებს, მათ შორის რუსეთის Sputnik-ის, ირანის Press TV-ისა და ჩინეთის Xinhua News-ის.

კომპანიის განმარტებით, ამერიკული მედიაორგანიზაციების მარკირება არ მოხდება.

„ამერიკული მედიაორგანიზაციების მონიშვნა არ მოხდება, ვინაიდან აშშ-ში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო მედიასაშუალებებსაც კი აქვთ,“ - განაცხადა ფეისბუქის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლიჩერმა.

ცნობისათვის, „ფეისბუქი“ პირველი კომპანია არ არის, რომელიც მსგავს ნაბიჯს დგამს. 2018 წელს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პლატფორმა „იუთუბიმ“ იმ ვიდეო არხების იდენთიფიცირება დაიწყო, რომლებიც, ძირითადად, ახალ ამბებს გადმოსცემდნენ და სხვადასხვა მთავრობის მიერ ფინანსდებოდნენ.