დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში 15 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, - ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გრენთ შეფსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება ავტობუსებში, მატარებლებში, მეტროში და სხვა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვინაიდან ქვეყნის გახსნასთან ერთად იქ ხალხის ნაკადმა იმატა და გადაჭედილ ტრანსპორტში სოციალური დისტანცირების დაცვა თითქმის შეუძლებელია.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 281 661 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 39 900-ს აჭარბებს. დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ბრიტანეთი მეხუთე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთისა და ესპანეთის შემდეგ.