2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია.
კომისიის ცნობით, 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა.
ამასთან, მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს.