„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება.
ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნისთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე „ბიზნესპრესნიუსთან“ რევაზ ვაშაკიძე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასი შეენარჩუნებინა. თუმცა, ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ, პროდუქტის საფასო პოლიტიკაზე შესაბამისი გავლენა იქონია.
„პროდუქციის ფასი არ გაგვიზრდია. ჯერჯერობით არც გაძვირდება. ამის მიზეზია ის, რომ მოთხოვნა ეცემა. შემოდის იმპორტირებული, დაბალხარისხიანი, წყლით სავსე პროდუქცია, ე.წ ბარკლები, სადაც 20-30% სითხეა შეყვანილი და ძალიან დაბალ ფასში იყიდება. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ეცემა. ამ ეტაპზე, დაახლოებით 10-15%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება წარმოებას, ჯერჯერობთ არ შეგვიმცირებია“,-ამბობს რევაზ ვაშაკიძე.