გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა.

ასევე, ჩატარდა “მწვანე გაკვეთილი” ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ძირითად საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზე, რომელზეც ცენტრის თანამშრომელმა მარიამ არჩუაძემ ისაუბრა.

კვირეულის ფარგლებში მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა ბავშვებისთვის ჩაატარა “ხატვის მწვანე გაკვეთილი - როგორ დავხატოთ ბიომრავალფეროვნება”, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები გაეცნენ და ისწავლეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობის ხატვის თავისებურებები.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა ვებინარი “ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება”, რომელსაც უძღვებოდა ბიომრავალფეროვნების ექსპერტი კახა არცივაძე.

“მწვანე კვირეულის” ფარგლებში ასევე დაიგეგმა სოციალური კამპანია, რომლის განმავლობაში სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდა “52 მწვანე რჩევა” - როგორ შეიძლება იცხოვრო უფრო „მწვანე“, სუფთა, ჯანსაღი, გონივრული, ეკოლოგიური და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრებით. განთავსდა საინფორმაციო ვიდეორგოლები ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ, ეკოფაქტები და ონლაინ კითხვარი ბიომრავალფეროვნებაზე.

გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევისა და პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობის მიზნით, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1974 წლის 5 ივნისიდან ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. 2020 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარ თემაა ბიომრავალფეროვნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.