სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევა 5,5%-ით გაძვირდა.
მცირედით, გაზარდა ზოგიერთმა სადაზღვევო კომპანიამ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ღირებულებაც. თუმცა, როგორც საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „კორონავირუსის შედეგები ჯერ კიდევ წინ გვაქვს“.
მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემი, რომლის თანახმადაც ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულება უკვე 5,5%-ით არის გაზრდილი, სრულ სურათს ვერ ასახავს.
როგორც დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, ქვეყანაში ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალია, ამასთან, გაძვირებულია მომსახურება, ამის სადაზღვეო ბიზნესზე ასახვა კი ჯერ კიდევ წინ არის.
„5% რა არის იმ ინფლაციასთან შედარებით, რომელიც გვაქვს. სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ ეს ციფრი ზუსტი იყოს, რადგან ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, დაწყებული სამედიცინო მომსახურებით, დამთავრებული ავტომობილების პროფილაქტიკით, რაც ჯერ კიდევ არ არის ასახული. ანუ, კორონავირუსის შედეგები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
მაღაზიებში ყველა დადის, ამასთან, ეცნობა სამედიცინო მომსახურებასაც და ვიცით, რომ ყველაფრი ძვირდება. თუმცა, ეს ყველა სექტორზე ერთბაშად არ ისახება“,-ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
კონკრეტულად, როგორია კორონავირუსის გავლენა სადაზღვეო ბაზარზე, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება.
„ჩვენ ის ინდუსტრია ვართ, რომელიც მთავრობას არ ვთხოვთ ფინანსურ დახმარებას. იმიტომ, რომ ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. ფაქტია, რომ პრემიების შემცირება გვაქვს, თუმცა, არა ისეთი, რომ ასატანი არ იყოს. პირველ თვეებში, როდესაც კორონა იყო გამძვინვარებული, დანახარჯები შემცირდა, რადგან ხალხს კონკრეტული მომსახურებების მიღება არ შეეძლო (მაგალითად, სტომატოლოგიური, ავტომობილის შეკეთება და ა.შ.). ახლა ეს უკვე დაიშვა და ზრდა დაიწყო. ამიტომ, უნდა შევხედოთ რა ტენდენცია იქნება მომავალში. მთავარია, ეკონომიკა როგორ წამოდგება ფეხზე და სადაზღვეო ბაზრის განვითარებაში რამეს შევძლებთ, თუ არა. თუ ყველაფერი გაიჭედა, ჩვენთვისაც პრობლემა იქნება. სხვა შემთხვევაში გარკვეული დანახარჯებით, მაგრამ გავალთ ფონს.
ჯერჯერობით, ფაქტი ის არის, რომ არის პრემიების კლება, გვაქვს გადაუხდელი კონტაქტები, რომელსაც სავარაუდოდ, არც გადაიხდიან. ამასთანავე, სამედიცინო სერვისის და საავტომობილო რემონტის მოხმარება იზრდება სწრაფად. ახლა უკვე უნდა ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი თვეები“,-ამბობს დევი ხეჩინაშვილი.