თუკი მოტივირებული ხართ, შეცვალოთ თქვენი უნარები უკეთესობისკენ, დაეუფლოთ საჯაროდ გამოსვლის ტექნიკას, მიიღოთ გადაწყვეტილებები და ისწავლოთ დროის სწორი მენეჯმენტი, ბიზნესლიტერატურა ის რესურსია, რაც თქვენს წინსვლას სჭირდება.
გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს „ლურჯი ოკეანის“ სერიიდან, რომლებიც თვითგანვითარებასა და ბიზნესისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“
NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი.
გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''.
მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.
წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.
მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.
რეიჩელ ჰოლისი - „გონს მოეგე, დაო“
რეიჩელი ამერიკელი მწერალი, ბლოგერი და სპიკერია. ის ასევე გახლავთ TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია Chic Media-ს აღმასრულებელი დირექტორი.
წიგნში „გონს მოეგე, დაო“ რეიჩელი წერს სხვადასხვა პრობლემაზე, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გულახდილად საუბრობს იმ ტყუილებზე, რომლებსაც საკუთარ თავსაც აჯერებდა და რომლებმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და შეაფერხა მისი წარმატება.
მისი გულწრფელი საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაგეხმარება, თავადაც დაამარცხო მსგავსი ტყუილები და მეტი შემართებით იცხოვრო.
იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობისგან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.
„გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის.
ჰოლისი არაფერს მალავს. ურყევი რწმენითა და სითამამით მოუწოდებს ქალებს, იცხოვრონ შემართებითა და ენერგიით, იყვნენ თავდაჯერებულნი და გამოაღვიძონ თავიანთი მიძინებული მიზნები.
სოფია ამორუზო - „როგორ გავხდი #GIRLBOSS“
სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა.
#GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად.
წიგნი მალევე გახდა New York Times-ის ბესტსელერი, Washington Post-მა კი მას „ორდინარულიდან გადახვევა“ უწოდა.
მოგვიანებით, სოფიამ Girlboss-ის ფონდიც შექმნა, რომელიც ხელოვნების, მოდისა და დიზაინის სფეროში მომუშავე ქალებს ფინანსურ დახმარებას უწევს.
2016 წელს სოფია ამორუზო „ფორბსმა“ დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად, რომელმაც ეს სიმდიდრე დამოუკიდებლად მოიპოვა.
ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი
ძლიერი ბიზნესმოდელი წარმატებული ბიზნესის საფუძველია. ბიზნესმოდელის ნავიგატორის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 55 ბიზნესმოდელი დგას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების 90%-ის უკან. წიგნში დეტალურადაა აღწერილი ეს 55 მოდელი – თუ რას გულისხმობს, ვინ გამოიგონა და ვინ იყენებს მათ ახლა, როდის და როგორ შეგიძლიათ მოდელების გამოყენება თქვენს ბიზნესში.
ეს წიგნი გახდება თქვენი შთაგონების წყარო და დაგეხმარებათ, იპოვოთ ზუსტად ის საჭირო ცვლილება თქვენს ბიზნესმოდელში, რაც წარმატებამდე მიგიყვანთ.
ოლივერ გასმანი არის ინოვაციების მენეჯმენტის პროფესორი სენტ გალენის უნივერსიტეტში და ტექნოლოგიების მენეჯმენტის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და საკმაოდ აქტიური სპიკერია ინოვაციებისა და ლიდერობის თემებზე. ის კონსულტაციებს უწევს ბევრ წამყვან საერთაშორისო კომპანიებს ევროპაში და მის გარეთ.
ოლივერს გამოცემული აქვს 4000-ზე მეტი პუბლიკაცია და რამდენიმე წიგნი ინოვაციის მენეჯმენტის შესახებ. მისი წიგნი „ბიზნესმოდელის ნავიგატორი” მსოფლიო ბესტსელერია, უამრავ ენაზე ითარგმნა და Financial Times-მა მას ნამდვილი სენსაციაც კი უწოდა.
ოლივერი უმცროსი მკვლევარი იყო ბერკლიში (2007), სტენფორდსა (2012) და ჰარვარდში (2016). იგი 2014 წელს „მენეჯმენტის ჟურნალმა” დააჯილდოვა Scholary Impact Award-ით, 2015 წელს კი ემერალდ გრუპისგან Citation of Excellence Award გადაეცა.
დავით ჩიკვაიძე - „ანტი გაყიდვები“
ეს არის პირველი ქართული წიგნი გაყიდვების თემაზე.
როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.
„ანტი გაყიდვები“ განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არა მარტო გაყიდვებში, არამედ მოლაპარაკებებსა და ზოგადად, კომუნიკაციაში უწევს მონაწილეობის მიღება. წიგნი მორგებულია ჩვენს რეალობას და სწორედ ქართულ „ქეისებზეა“ აგებული.
დენიელ ჰ. პინკი - „DRIVE - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?“
ეს ნაშრომი მოტივაციის თემაზეა და ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კლასიკად ქცეული წიგნია. ის გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა თუ სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა „დასჯა-წახალისების” მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის 3 ელემენტი: ავტონომია, დაოსტატება და მიზანი. წიგნში ავტორი, ასევე, საუბრობს 2 ტიპის ქცევაზე, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი და სხვების მოტივირებაზე ფიქრისას. ესენია: X და I ტიპის ქცევები.,
X ტიპის ქცევას გარე სტიმულები და სურვილები უფრო ამოძრავებს, ვიდრე შინაგანი. მას ნაკლებად აინტერესებს ქმედებიდან მიღებული ბუნებრივი კმაყოფილება და უფრო იმ ჯილდოზეა ორიენტირებული, სადამდეც ქმედებას მივყავართ. მეორე მხრივ, I ტიპის ქცევა ნაკლებადაა ორიენტირებული მოქმედების შესრულებით მიღებულ ჯილდოზე და უფრო საქმიანობისგან მიღებული სიამოვნებით კმაყოფილდება.
ამასთან ერთად, გაეცნობით მოტივაციაზე მოქმედ 3 მთავარ ელემენტს, რომლებსაც ავტორი წიგნში განიხილავს და მისი მოსაზრების დასადასტურებლად, არაერთ საინტერესო ექსპერიმენტისა და დაკვირვების შესახებ წერს.
სეთ გოდინი - „იისფერი ძროხა“
სეთ გოდინი პროფესიონალი სპიკერი, მწერალი და ცვლილებების აქტიური ხელშემწყობია. ის, მსოფლიოს მასშტაბით, ათი ბესტსელერის ავტორია, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.sethgodin.com. გოდინს 18-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული. რაც შეეხება „იისფერ ძროხას“, ის გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და გამოსვლიდან 2 წლის პერიოდში 150,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. სეთ გოდინი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმოაზროვნეა, მისი ბლოგი (www.sethgodin.com) Times-მა 25 საუკეთესო ბლოგს შორის დაასახელა.
წარმატების მისაღწევად, აუცილებელია, გახდეთ უფრო შესანიშნავი; საჭიროა, იქცეთ ,,იისფერ ძროხად''. მარკეტინგის გურუდ აღიარებული, არაერთი ბესტსელერის ავტორი სეთ გოდინი განიხილავს სხვადასხვა შესანიშნავი კომპანიის მაგალითს და მათზე დაყრდნობით, მკითხველს უჩვენებს, რას ნიშნავს შექმნა ,,იისფერი ძროხა" - პროდუქტი, სერვისი ან კომპანია, რომელიც განსხვავდება მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული კონკურენტებისგან და ამის წყალობით, იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებასა და ბაზრის ლიდერობას.
ბრაიან თრეისი - „შეჭამე ბაყაყი“
ბრაიან თრეისი გაყიდვების გურუ, მართვის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი, ინსტრუქტორი, კონსულტანტი და სპიკერია. ის ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მართავს ტრენინგებს და მისი აუდიტორია 250 000-ზე მეტი ადამიანია. გახლავთ 1000-ზე მეტი კომპანიის მრჩეველი და ინსტრუქტორი, ასამდე წიგნის ავტორი, რომლებიც ნათარგმნია ოცდათვრამეტ ენაზე. მათი უმეტესობა მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერია. 2015 წელს ბრაიან თრეისიმ საქართველოში ჩაატარა გაყიდვების მასტერკლასი, რომელსაც უამრავი მსმენელი დაესწრო როგორც საქართველოდან, ისე რეგიონის ქვეყნებიდან.
როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ დროს ვკარგავთ; ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ უფრო იზრდება... სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ცნობილი ამერიკელი ბიზნესკონსულტანტისა და მენეჯმენტის მასწავლებლის, ბრაიან თრეისის ბესტსელერი „შეჭამე ბაყაყი”, რომელშიც ეფექტიანი მართვისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს ამოიკითხავთ.
„დიდი წიგნი ბიზნესზე“
„დიდი წიგნი ბიზნესზე“ გენიალური ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გაგაცნობთ. არ აქვს მნიშვნელობა, მეწარმე ხარ, რომელიც ბიზნესს ახლა იწყებს, თუ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს, თუ მომხმარებელი, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს, ამ წიგნში შთაგონებისთვის ბევრ რამეს იპოვი.
ის თანაბრად საინტერესო და გამოსადეგია ახალგაზრდა სტარტაპერისთვის, რომელიც ბიზნესს იწყებს, დიდი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს და მომხმარებლისთვის, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს. ნებისმიერი კატეგორიის მკითხველი იპოვნის წიგნში შთაგონების წყაროს. სახელმძღვანელო მკითხველს დაეხმარება მომგებიანი ნიშის მოპოვებასა და გაჯერებული ბაზრის პირობებშიც კი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში. წიგნი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ვრცელი ნაწილი ეთმობა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას: მარკეტინგის მენეჯმენტს, ფინანანსურ და სტრატეგიულ ოპერაციებს, ბიზნესტაქტიკებსა და რისკების მართვას. განხილულია, თუ როგორ ხდება კონკურენტების სწორი შესწავლა, უპირატესობის მოპოვება, სტარტაპებისა და დიდი ბიზნესების მენეჯმენტი, წარმოება, საქონლის მიწოდება, ეფექტიანი ლიდერობა და გუნდის მოტივირება.
ანა ბარნსი - „როგორ ვიყოთ ბედნიერი“
როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველაამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.