საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, თბილისში შემოწმებული 75 სასტუმროდან, მოთხოვნები მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა. მისივე განცხადებით, მთავრობას ნებართვის მქონე სასტუმროების ჩამონათვალი ექნება, რომელსაც, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, შემდეგ კი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სასტუმროებს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები დაეხმარებიან.
„სტანდარტები რთული არ არის: თერმოსკრინინგი, ნორმალური დეზინფექცირების პროტოკოლები, რომლებიც შესასრულებელია, ნორმალური დასუფთავება, ტრანსპორტი. გავიგე, რომ რაღაც დამატებითი ხარჯები გექნებათ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეს მწვანე, კოვიდისგან სუფთა ქვეყნები და რეგიონები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა. ამიტომ ეს თქვენ დამატებით ღირებულებას მოგცემთ. ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია, მეტი გადახდისუნარიანობა აქვს და არა „რუკზაკჩამოკიდებული“ ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა და სხვა მოთხოვნა ექნებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, რომ უფრო მეტი ბრუნვა და შემოსავალი გქონდეთ, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს იმას, რომ ცოტა უფრო მაღალი და უსაფრთხო სერვისი გქონდეთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც. ტექნიკურად ახლა სად ვართ? სასტუმროების რაღაც რაოდენობა უკვე შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. უნდა იცოდეთ, რომ 75 -დან 15-მა გაუძლო მხოლოდ თბილისში. ამ ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ, თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ სტანდარტების დაკმაყოფილება უჭირთ. პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვს. მოთხოვნები დაკმაყოფილება არ არის რთული, ამის შესრულებაში მოგეხმარებათ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიც. ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ნებართვის მქონე სასტუმროების სია მივიტანოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებამდე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.