პრემიერის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსებაც განიხილება, თუმცა უფრო ლოგიკური შენობასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადება იქნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიამდე ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე კომერციული შეთავაზება არსებობდა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილება აღნიშნულ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსებაც, თუმცა უფრო ლოგიკური შენობასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადება იქნება.

„ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, თუ გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული ინტერესი. პანდემიამდე იყო რამდენიმე შემოთავაზება, საკმაოდ ეფექტურად ამ შენობის გამოყენების. საპოლიციო ჰაბის პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ ამ პროექტს დაფინანსება სჭირდებოდა. ნაწილობრივ გვეხმარებოდნენ, ნაწილობრივ რესურსები მოსაძებნია. საპოლიციო ჰაბიც განიხილება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ყველაზე ლოგიკური იქნება ამ შენობის გატენდერება. ვნახოთ რა კომერციული ინტერესი გამოვლინდება,“-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.