ირაკლი კოვზანაძე - მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პანდემიამ პრობლემები შეუქმნა საფინანსო სექტორს, გამონაკლისი არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, შესაბამისად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემსუბუქდეს კრიზისის გავლენა. მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრისას განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ დიალოგისას მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასახმარებლად. „ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მიკროსაფინანსო სექტორის აქტივების ზრდა და მათი მოქმედების არეალის კიდევ უფრო გაფართოება, ისინი ამჟამად 600 ათას მომხმარებელს ემსახურებიან,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და მზადყოფნა გამოთქვა მიკროსაფინანსო სექტორს კრიზისის ნეგატიური ეფექტის გადალახვაში და დაძლევაში დაეხმაროს. ცნობისთვის, დღეს საქართველოს ბაზარზე 43 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს.