მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ბიტკოინის ფასი საკმაოდ ვიწრო დიაპაზონში მერყეობს, ინვესტორები მის მკვეთრ ზრდას ელიან. თუმცა მათი უმეტესობა თვლის, რომ ეს თვეების, ან შესაძლოა, წლების შემდეგ მოხდეს.
მიმომხილველები ფიქრობდნენ, რომ ბიტკოინის ფასის ზრდა ეგრეთ წოდებული განახევრების (halving) შემდეგ დაიწყებოდა. განახევრება, ბიტკოინის მოპოვების გეგმიური შეკვეცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მონეტების მოპოვება ორჯერ შენელდა. ეს შეკვეცა (სულ მესამე) 11 მაისს განხორციელდა.
წინა შეკვეცებზე რეაქციის შესაბამისად, ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ მესამე შეკვეცის შემდეგაც, ბიტკოინის ფასი, ბაზარზე მიწოდების განახევრების ფონზე, ზრდას დაიწყებდა. მაგრამ ჯერჯერობით, მკვეთრი მოძრაობა არ შეინიშნება. ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტის ფასი მხოლოდ 11 პროცენტით გაიზარდა. შედარებისთვის, წლის დასაწყისიდან განახევრებამდე, ბიტკოინის ფასი 40 პროცენტით გაიზარდა. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯერჯერობით, ფასის ვარდნაა მოსალოდნელი.
განახევრების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ორჯერ გასცდა 10 000-დოლარიან ზღვარს, მაგრამ გარღვევა ვერ მოახერხა და ამჟამად ამ ნიშნულის დაბლა იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზრდის ამ წარუმატებელი მცდელობის გამო, მოკლევადიან პერსპექტივაში, ბიტკოინზე ზეწოლა მოიმატებს, რაც მისი ფასის კლებას გამოიწვევს. თუმცა ამას აუცილებლად ზრდა მოჰყვება.
ბიტკოინის პირველი განახევრება 2012 წლის ნოემბერში განხორციელდა, რასაც 12 თვეში, ფასის 10-დან 1 160 დოლარამდე ზრდა მოჰყვა. მეორე განახევრება 2016 წლის ივლისში მოხდა, რის შემდეგაც, იმავე 12-თვინ პერიოდში, ბიტკოინის ფასი 650-დან 2 800 დოლარამდე გაიზარდა.
„სტეკ ფანდსის“ ბაზრის ანალიტიკოსი ლენარდ ნეო ამბობს, რომ ინვესტორებს 6-12 თვე სჭირდებათ იმისათვის, რომ განახევრების შემდგ, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება ფარდობის ფასზე ზემოქმედება შეაფასონ და შესაბამისად იმოქმედონ.
განახევრების შედეგად, ყოველი ბლოკის გახსნაზე გაცემული ბიტკოინის მოცულობა 50 პროცენტით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული მოპოვება (მაინინგი) შემცირდა და მაინერებს ეს პროცესი, რომელსაც დიდი მოცულობით ელექტრო ენერგია ესაჭიროება, გაუძვირდათ. მათ პირველ რიგში, უნდა შეაფასონ, რა დონეზე უტოლდება შემოსავალი ხარჯს და რა მოგებას მოუტანს მათ ყოველი ახალი ბლოკის გახსნა. დიდი ალბათობით, ამ საქმეში რენტაბელობის მიღწევას, ბიტკოინის ფასის ზრდა დასჭირდება.
ბიტკოინის ფასის ზრდის გამოწვევა ასევე შეუძლია იმ ფაქტსაც, რომ სულ უფრო მეტი ინვესტორი ცდილობს საკუთარი ფინანსების ციფრულ ფულში დაბანდებას. კორონვირუსის პანდემიის ფონზე, ეს ტენდენცია სულ უფრო მეტად შესამჩნევია. და ეს, ადრე თუ გვიან, ფასის ზრდაშიც აისახება.