პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც დიდია.
„გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. მეტიც, განახევრდა და ზარალშიც წავედით. სამწუხაროდ, ზუსტი ციფრის თქმა, ამ ეტაპზე გამიჭირდება. ერთის მხრივ, რეალიზაცია შემცირდა იმის გამო, რომ დაბრაზში არ ხდებოდა სტუმრების მიღება და მერეს მხრივ, მოქმედებდა კომენდანტის საათი. შესაბამისად, შეკვეთებზე გვიან ვეღარ გავდიოდით.
რაც შეეხება თანამშრომლებს, ყველა მათგანი შევინარჩუნეთ, რადგან როგორც მოგახსენეთ, „დელივერის“ სერვისი მუშაობდა და მცირე დატვირთვით, თუმცა მაინც გავაგრძელეთ საქმიანობა“, - ამბობს მიხეილ ალხანიშვილი.
როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კვების ობიექტები სახელმწიფოსგან დახმარებას რამდენიმე მიმართულებით საჭიროებენ, რომლეთა შორის სესხების სუბსიდირებაც მოიაზრება.
„სახელმწიფოს მხრიდან რაც გაკეთდა არის ის, რომ მერიისგან ნაქირავებ გარე ტერიტორიაზე საიჯარო ქირა გაგვიუქმდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო დახმარება, რომელიც საშემოსავლო გადასახადს შეეხო. თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს მაგალითად, კომუნალური მომსახურების სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან, ეს არის „თელასი“ GWP და აშ. პანდემიის პირობებში დაუყოვნებლივ თიშავდნენ კომუნალურებს, რამაც სერიოზული პრობლემა შექმნა. ბევრ კომპანიას ავანსი აქვს დადებული და იმის გამოყენების უფლებასაც არ აძლევენ.
გარდა ამისა, ძალიან დაგვეხმარება, სესხის პროცენტის სუბსიდირება თუ მოხდება. როგორც ეს აგრო ბიზნესში, წარმოებაში, მშენებლობაში გაკეთდა. ვფიქრობ, ჩვენთვისაც უნდა იყოს მსგავის შეღავათი. იმისთვის, რომ აღადგინონ მუშაობა რესტორნებმა, კაფეებმა და ბარებმა. გარდა იმისა, რომ კვების ობიექტები ძალიან ბევრი ადამიანის დამსაქმებელია, ბიუჯეტშიც საკმაოდ დიდი თანხის გადამხდელია. რაც მეტი შეღავათი იქნება, მით უფრო მალე მოვძლიერდებით, შესაბამისად, მეტ თანხას გადავიხდით ბიუჯეტში და ხელფასებსაც უპრობლემოდ გავცემთ“,-ამბობს მიხეილ ალხანიშვილი.
რაც შეეხება „კოვიდ19“-ის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, „დომინოს პიცის“ დირექტორი ამბობს, რომ შეუძლებელი არაა, თუმცა მოთხოვნები გადაჭარბებულია.
„შეუძლებელი არ არის ამ რეკომენდაციების შესრულება, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადაჭარბებული და ძალიან ხარჯიანია. ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს ობიექტების მდგომარეობას“,-აცხადებს მიხეილ ალხანშვილი.