ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1 400-დან 1 500-მდე ტესტირება კეთდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1 400-დან 1 500-მდე ტესტირება კეთდება. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიით სულ ჩატარებულია 67 ათასი ტესტირება.

„ყოველდღიურად ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 1 400-დან 1 500-ის ფარგლებში და სულ ქვეყანაში ტესტირებულია PCR ტექნოლოგიით 67 ათასი ნიმუში, რაც 1 მლნ მოსახლეზე დაახლოებით 17 ათასს წარმოადგენს. ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. ამ მხრივ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ყოველდღიური ტესტირების მოცვა იზრდება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.