დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სპორტდარბაზებმა და აუზებმა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ თავისთვის მოქმედი პროტოკოლი. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის მისცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მთავრობას სპორტდარბაზებისა და აუზების გახსნის რეკომენდაციას და მოუწევთ თუ არა მათ მუშაობა ახალი პროტოკოლით.
„ერთია სპორტსმენებისა და სპორტული ღონისძიებების საჭიროებები, მეორე არის კიდევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების საჭიროებები და მათი აღდგენა. რა თქმა უნდა, ამ მხრივაც მოგვიწევს გარკვეული სხვა პროტოკოლების შემუშავება და ახალი პროტოკოლებით მუშაობა ანუ ის სტანდარტული პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს დაცული აუზებისა და სპორტდარბაზების შემთხვევაში, გარკვეულად შეიცვლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მეტი უსაფრთხოება. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში, თითოეული სპორტის სახეობის მიხედვით ან სპორტდარბაზისა თუ აუზების თავისებურებების მიხედვით უნდა შეიმუშავოს თითოეულმა ამ დაწესებულებამ თავისთვის მოქმედი პროტოკოლი, მაგრამ ზოგადი მოქმედი წესები იქნება ისევ იგივე- დისტანცირება და ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა,“- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.