შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების „ფეისბუქ“- გვერდებზე, განახორციელა მათ მეგობრებთან მიმოწერა, შეცდომაში შეიყვანა ისინი და საკუთარ ანგარიშზე, მოტყუებით ჩაარიცხინა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ასევე, მოტყუებით დაეუფლა მათი საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს და ანგარიშებზე არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა. ა. ბ. დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".