„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან - 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.
ახლაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ სად გადაანაწილონ.
მათ შორის, საუბარი მიდის იმაზეც, რომ გახარიამ შესაძლოა პრემიერის პოსტი დატოვოს და "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სიის სათავეში შესაძლოა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ვიხილოთ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა მმართველი ძალის კვლავ გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს.
ცნობილია, რომ წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც მთავრობაში თანამდებობას 2012 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს „ოცნების“ უცვლელი მინისტრი. 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. აქედან, ნასყიდობით მინისტრს მხოლოდ დიღომში 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი აქვს 2013 წელს შეძენილი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 9 966 ლარი; 3 173 ევრო ჰქონდა. მისმა 2019 წლის ხელფასმა მინისტრის პოსტზე 60 000 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. მის სახელზე ორი სამომხმარებლო სესხი ფიქსირდება, მასვე აქვს ანაბარი, რომელზეც უცხოეთში ბინის გაყიდვით მიღებული თანხა - 220480 ევროა დარიცხული.
რაც შეეხება ოჯახს, დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ახალქალაქში, სოფელ დილისკაში; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 2 725 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა კი 2019 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე - 27 559 ლარი შეადგინა.