სამუშაო პროცესში ოფისებში სანიტარული შესვენების დაწესება სავალდებულო ხდება

ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მათ შორის საუბარია რეკომენდაციებზე, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ოფისებში.

მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნა დამსაქმებლისთვის არის, რომ მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები.

გარდა ამისა, აუცილებელია, სამუშაოს დაწყების წინ, 20 და მეტი დასაქმებულის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით; დასაქმებულთა სამუშაო ადგილას ავეჯი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დასაქმებულებს შორის დაცული იყოს 2 მ-იანი დისტანცია; ამასთან, აუცილებელია პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია (შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოტანილი ჰაერით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით). ამას გარდა, ოფისებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები;
  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი - საჭიროების შესაბამისად);
  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
  • სათანადო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება ყოველ ორ საათში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • უზრუნველყოს სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების (მათ შორის მობილურის/ქალაქის ტელეფონის, კლავიატურის, ელექტროგამომთვლელი მანქანის და ა.შ.) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით;
  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
  • სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი,რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით;
  • შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
  • ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით;
  • ეცადოს მინიმუმამდე შეამციროს მის ობიექტზე ნაღდი ფულის გამოყენებით ანგარიშგება როგორც დასაქმებულების, ასევე მესამე/სხვა პირების მხრიდან.

თაია არდოტელი
4 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო ჯამში, 26 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა
4 ადამიანი ლიფტში, მომხმარებლები ზურგით ერთმანეთისკენ - რა წესების დაცვა მოგიწევთ „გალერია თბილისში“