ბოლო ერთი კვირაა ლარი სწრაფად მყარდება - კვირის დასაწყისში 3,17-იანი ნიშნულიდან გაცვლითი კურსი კვირის ბოლოს უკვე 2,95-მდე ჩამოვიდა.
3-ლარიანი ზღვარი ლარმა კორონავირუსის პანდემიის დროს გადალახა და 10 დღეში ოფიციალურმა კურსმა 3,45-ს მიაღწია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი გაცვლითი კურსი 1 დოლარისთვის 3,6 ლარსაც კი აღწევდა. ამჟამინდელ გამყარებაზე ბევრი შეკითხვა გაჩნდა: როცა ეკონომიკა 16,6%-ით ეცემა, უცხოური ინვესტიციები არ შემოდის და ფულადი გზავნილებიც შემცირებულია, რა ამყარებს ლარს, ხომ არ არის ესეც დროებითი მოვლენა, რასაც ნებისმიერ დროს შესაძლოა ეროვნული ვალუტის გაუფასურების მორიგი ტალღა მოჰყვეს?
"ეროვნული ბანკის პოლიტიკა არანაირ პროგნოზს არ ექვემდებარება"
პაატა ბაირახტარი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ქვეყანაში შემოდის უცხოური დახმარება, რომელიც ეტაპობრივად კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში და ჩნდება მოთხოვნა ლარზე - უპირველესად ეს მნიშვნელოვანი გარემოება უნდა აღვნიშნოთ. გახსოვთ, ალბათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება პანდემიის დროს - შეუძლებელია ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები უარესდებოდეს და ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდესო. მთლად ასე ნამდვილად არ არის. გაუარესებული იყო მაკროეკონომიკური პარამეტრები 2008 წლის ომის დროსაც, მაგრამ ლარი არ "გაქცეულა" და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით თუ საგარეო დახმარებით ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა. ლარისთვის მნიშვნელობა არა აქვს, საიდან და რა სახით შემოვა ვალუტა, მთავარია, დაცული იყოს ბალანსი ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის. ეროვნულ ვალუტაზე აგრეთვე დადებითად მოქმედებს ნეგატიური მოლოდინების შემცირება. ყველაზე რთულ პერიოდში ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო, ახლა შეზღუდვები თითქმის მოიხსნა და როგორც ეკონომისტები ვუწოდებთ, ნეგატიური მოლოდინების პრემიამ მოსახლეობაში შემცირება დაიწყო. ამას ემატება ისიც, რომ სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები აკვირდებიან ლარის გამყარების ტენდენციას და ვისაც დოლარის რეზერვები ჰქონდა და მაღალი კურსით სურდა გადახურდავება, ლარის ყიდვას იწყებს. ეს ზრდის მოთხოვნას ეროვნულ ვალუტაზე და უკვე ტექნიკურადაც ხელს უწყობს მის გამყარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უწყობს ხელს ლარის სტაბილურობას - მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.
თუმცა დღევანდელმა ვითარებამ არ უნდა დაგვავიწყოს, როგორ მივედით ლარის გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმამდე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიცა და მთავრობის წევრებიც ხშირად ერთ-ერთი ცნობილი ეკონომისტის თეორიას იშველიებდნენ და ამბობდნენ, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და წონასწორობის ნიშნულს დაუბრუნდებოდა. ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ეს სულაც არ გახლდათ ამომწურავი არგუმენტი, რადგან ჩვენ შეგვეძლო არ დაგვეშვა ლარის ასეთი ვარდნა და დღეს მას წონასწორობის ნიშნულთან არა ასეთი რთული მდგომარეობიდან მოუწევდა დაბრუნება. ეს ეროვნულ ვალუტასაც უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებდა და ბიზნესზეც არ იქნებოდა ის წნეხი, რაც ნახტომისებრმა გაუფასურებებმა განაპირობა.
- როგორ შეგვეძლო არ დაგვეშვა ლარის ამ დონემდე გაუფასურება?
- ეროვნული ბანკი მოიქცა იმ კლასიკური სქემისგან განსხვავებულად, როგორც იქცევიან მსგავსი კრიზისების დროს ცენტრალური ბანკები. ეკონომიკაში ამას მცოცავი დევალვაციის პოლიტიკა ჰქვია. როცა ასეთი მძლავრი საგარეო შოკებია, ცენტრალური ბანკები ბაზარს აწვდიან განსაზღვრული ოდენობის უცხოურ ვალუტას, რათა დიდი დეფიციტი არ შეიქმნას. იმის ილუზია არა აქვთ, რომ ამ გზით გაუფასურებას შეაჩერებენ ან კურსს ხელოვნურად დაიჭერენ, მაგრამ ეროვნულ ვალუტას იცავენ ნახტომისებრი გაუფასურებისგან და ერთგვარი შოკური ეფექტისგან, როგორიც ლარისთვის 3,60-იან ნიშნულამდე გაუფასურება იყო. ეს იყო წმინდა აჟიოტაჟური მოთხოვნიდან გამომდინარე კურსი.
სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომ უფრო აქტიურად ჩაერეოდა სავალუტო ბაზარზე და თუ საჭირო იქნებოდა, უცხოურ ვალუტას მიაწვდიდა. კურსმა გამყარება მეორე დღესვე დაიწყო. არც ვლაპარაკობ ამაზე და არც სწორი იქნებოდა გაცვლითი კურსის ფიქსირება, მაგრამ ნახტომისებრი და ქაოსური გაუფასურებისგან ეროვნული ვალუტა უნდა დაგვეცვა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა იმ ინფლაციურ რისკებსაც, რაც სწორედ გაუფასურებულმა კურსმა განაპირობა და დღეს ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
- როცა ვამბობთ, რომ ლარი უბრუნდება თავის წონასწორობის ნიშნულს, რამდენია ეს ნიშნული და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს გამყარება?
- არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა ეკონომიკაში ყველაფერი კარგად იყო, მაკროეკონომიკური პარამეტრები ნორმაში გვქონდა, მაგრამ ლარი გაუფასურებას იწყებდა და ამაში არავინ ერეოდა. შემდეგ გამოვიდოდნენ მონეტარული პოლიტიკისა და ფისკალური ხელისუფლების წარმომადგენლები და გვეუბნებოდნენ, რომ ლარმა იპოვა თავისი ახალი წონასწორობის ნიშნული. არ ისმებოდა შეკითხვა: თუ ყველაფერი ასე კარგად იყო, რატომ იწყებდა ლარი ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას და რატომ იყო ის გაცილებით უარესი წინასთან შედარებით? ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი ხარვეზი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ როგორც ფისკალურ, ისე მონეტარულ პოლიტიკაში. მოსაზრება, რომ ლარის მასა თურმე ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას კურსის ცვლილებაზე, თეორიული მსჯელობაა, რომელსაც ლარი თავად ამსხვრევს პრაქტიკაში, და თუ პრაქტიკაში შევხედავთ, ლარი მოქმედებს იმის პირდაპირპროპორციულად, თუ როგორია მიმოქცევაში ლარის მასა.
- რაკი ლარის გაუფასურებას ამხელა გავლენა ჰქონდა ფასების ზრდაზე, უნდა ველოდოთ, რომ გამყარება ფასების შემცირებას გამოიწვევს?
- ერთმნიშვნელოვნად, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ამიტომ გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფასების საერთო დონეს. თუ ეროვნულმა ვალუტამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლო ამ დადებითი ტენდენციის შენარჩუნება და უკეთეს მონაცემზე დასტაბილურდა, ვიდრე თუნდაც ერთი კვირის წინ იყო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ინფლაცია მეტ-ნაკლებად შემცირდეს მიზნობრივ მაჩვენებლამდე.
- თუმცა გვესმის, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ კრიზისში შესვლის ეტაპზეა და მომდევნო 6 თვე საკმაოდ რთული იქნება. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ლარმა შესაძლოა კიდევ მოხსნას გაუფასურების რეკორდი?
- ამისგან დაზღვეული ვერასდროს ვიქნებით, რადგან ლარის კურსის ფორმირება დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, როგორც საშინაო და საგარეო, ასევე ეროვნული ბანკისა და ფისკალური ხელისუფლების პოლიტიკაზე.
თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკას დავაკვირდებით, ის არანაირ პროგნოზს არ ექვემდებარება. ამიტომ შეუძლებელია რაღაცისგან ვიყოთ დაზღვეული. ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ მართალია, ძალზე რთულ მდგომარეობაში ვართ უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით, მაგრამ ამას აბალანსებს საგარეო დახმარება და გაზრდილი ვალი, რომელსაც უცხოურ ვალუტაში ავიღებთ. ეს გაცვლითი კურსისთვის იქნება კარგი. მეორე საკითხია, ეკონომიკურად რა შედეგები გვექნება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით დავხარჯავთ დახმარებასა და ვალს.შესაბამისად, კურსი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საშუალოვადიან პერსპექტივაში ცენტრალური ბანკის მოქმედებებზე. თუ ეროვნული ბანკი შეასრულებს პირობას, რომელიც არაერთხელ გაახმაურა და ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის, ბაზარიც მეტ-ნაკლებად იქნება დაცული იმგვარი შოკებისგან, როგორიც რამდენიმე თვის წინ გვქონდა. ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ვართ - ლარი იმოძრავებს ზევით ან ქვევით, მაგრამ ეს უნდა იყოს მოძრაობა, რომელიც ახასიათებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, და არ უნდა იყოს ნახტომისებრი და სრულიად არაპროგნოზირებადი.
"ეროვნულ ვალუტას ზოგჯერ რეცესიაც ამყარებს"
აკაკი ცომაია, ეკონომისტი: - საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ასეთი მოსაზრება - როცა ლარი მყარდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კარგი ხდება ეკონომიკაში, ხოლო როცა უფასურდება, ესე იგი, რაღაც მწვავე პრობლემებიაო. სინამდვილეში ასე არ არის - ლარის გამყარება-გაუფასურება გაცილებით კომპლექსური საკითხია და ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. ლარის გამყარება მოსალოდნელიც იყო. საზოგადოდ, ეკონომიკაში რეცესიებს ახასიათებს კურსის გამყარებაც. როცა ეკონომიკა ეცემა, მცირდება მოთხოვნა, იკლებს მიწოდებაც და ძნელია იმის პროგნოზირება, რომელი ტენდენცია დროის რა მონაკვეთში გადაწონის. ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ ლარზე უარყოფითი გავლენა უნდა იქონიოს; მცირდება იმპორტი, ანუ მოთხოვნა და მოხმარება. რატომ გვაქვს 16,6%-იანი რეცესია? - იმიტომ, რომ მცირდება ყველა ზემოხსენებული მაჩვენებელი, რის გამოც ასევე მცირდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.რეცესია და ეკონომიკური ვარდნა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესაძლოა ვალუტის გამყარების მიზეზი გახდეს და ამაში არაფერია გასაკვირი. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მონაწილეობა მიმდინარე კურსის ფორმირებაში დიდი არ არის. მის სავალუტო ინტერვენციებს უფრო წერტილოვანი ეფექტი აქვს და არ შეეძლო კურსის ამ ნიშნულამდე გამყარება. ეროვნული ბანკი, ძირითადად, მაშინ მოქმედებს, როცა ხედავს, რომ ლარი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ უფრო მეტად უფასურდება, რადგან ეს უკვე ქმნის ინფლაციური პროცესების რისკებს - ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნებიდან იმპორტი ძვირდება და ეროვნული ბანკიც მოქმედებას იწყებს ინფლაციური წნეხის შესარბილებლად.
მოგეხსენებათ, ახლა სავალუტო პუნქტებიც იხსნება. მე თუ მკითხავთ, მათი გაჩერება დიდი შეცდომა იყო, რადგან სავალუტო პუნქტები ყველაზე დაცული არიან ვირუსის გავრცელებისგან. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცების სასარგებლოდ შეუჩერეს მათ მუშაობის უფლება, რათა მავანთ დროის ამ მონაკვეთში კურსთა შორის სხვაობით ესარგებლათ. თუ რამის დამალვა გინდა, ძალიან რთულია ამის გაკეთება ღია სავალუტო ბაზარზე, რადგან მაშინვე თავს იჩენს გაცვლით კურსზე ჩრდილოვანი სექტორის გავლენა. შესაბამისად, მგონია, რომ სავალუტო პუნქტების ამუშავება კურსთა შორის სხვაობას შეამცირებს და დადებითი ეფექტი ექნება სავალუტო ბაზარზე. რაც შეეხება საგარეო ვალს, რა თქმა უნდა, ეს აჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ ლარი შესაძლოა გამყარდეს, მაგრამ უკვე ვალის მოცულობაა ძალიან პრობლემური, რადგან მისი ნიშნული მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 53%-ს აღწევს, რაც დეფოლტის რისკებს აჩენს.
სახიფათო ზღვართან მივედით, რადგან დეფოლტის რისკი ნიშნავს ქვეყნის სანდოობის დაკარგვასა და უცხოური კაპიტალის, ინვესტიციების გადინებას. შესაბამისად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას, მით უფრო იმ ფონზე, როცა იკვეთება, რომ ამ მოზიდული ვალით, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ იგეგმება. მოხდება დოლარის ლარში კონვერტაცია და შემდეგ ისევ უცხოურ ვალუტაში ამ სესხების გასტუმრება. ჯამში კი გვიწევს უფრო მეტის გადახდა, მაშინ როცა უკუგება ამ საგარეო ვალს არა აქვს, სამუშაო ადგილები არ იქმნება და არც ჩანს რესურსი, რომლითაც ამ ვალის გასტუმრება უნდა მოხდეს.