დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისას საჯარიმო სახდელის 20 ლარით განსაზღვრა საკმარისი იქნება მიზნის მისაღწევად, არ არის აუცილებელი 50 ლარიანი ჯარიმა - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ ის აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდაგვარად დიდი, რომ ის ტვრითად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც იმ ოდენობის, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა და ყურადღება.
"ჩვენ სამწუხაროდ, ისევ გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო ეპედიმიოლოგიურად ყველაზე კარგად გამოიყურება, ერთ-ერთი პოზიტიური ადგილი უკავია ეპიდემიოლოგიურად როგორც უსაფრთხო ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს პოზიტივი მიღწეულია იმ რეგულაციებით და შეზღუდვებით, რაც ხშირად დისკომფორტს ქმნიდა, მაგრამ შედეგმა აჩვენა, რომ ეს აუცილებელი იყო. ახლაც ამ პანდემიის რეჟიმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მთავარი იარაღი პირბადის ხმარებაა. ეს არის აუცილებელი, რომ დავაზღვიოთ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა. სავალდებულო უნდა იყოს პირბადის მოხმარება განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ზოგადად, საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ ის აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდაგვარად დიდი, რომ ის ტვრითად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც იმ ოდენობის რომ შეამციროს პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის არ იქნება საჭირო 50- ლარიანი ჯარიმა. საკმარისი იქნება 20 ლარი"- განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ჯარიმა მოქალაქეებს ტვირთად არ უნდა დააწვეს.
“ხშირად მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის და ეს შესაძლოა მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიზნის მისაღწევად საკმარისია განვიხილოთ 20- ლარიანი ჯარიმა და მძიმე ტვირთი არ დავუწესოთ, როცა შეიძლება შემთხვევით ვიღაცას დაავიწყდეს ნიღბის გაკეთება და მისთვის 50 ლარი შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს,"- განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინა.